Loading

"ხშირად არც კი ვიცით რითი ვუმკურნალოთ" – საქონლის რა დაავადებებია გავრცელებული რეგიონში ავტორები; მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე

სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს, სხვადასხვა დაავადებით, ყოველწლიურად ათობით ძროხა უკვდებათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზარალი მნიშვნელოვანია. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ პრობლემა მოსახლეობის არაინფორმირებულობამ წარმოშვა.

გასული წლის ზაფხულში ახალციხეში, სოფელ გიორგიწმინდაში ნოდულარული დერმატიტით თითქმის მთელი სოფლის მსხვილფეხა პირუტყვი დაავადდა. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, მთელი სოფელი რძეს აქცევდა. მკურნალობის დაგვიანებით დაწყების გამო კი, ათობით ძროხა მოკვდა და ადგილობრივებმა შემოსავლის ძირითადი წყარო დაკარგეს.

“ერთი ძროხა და ორი დეკეული მყავდა. ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო. ამჟამად თითქმის გაუქმებულია ჩემი ბოსელი, მეწველი აღარ მყავს, რძის და ყველის გაყიდვით ვირჩენდით თავს“, – ამბობს გიორგიწმინდაში მცხოვრები თამარ გოგოლაური.

იგივე დაავადება შეხვდა თამარის მეზობლის, სვეტა ხიბლიშვილის საქონელსაც: “ერთი თვე გასტანა ამ დაავადებამ. ბევრი წვალების შემდეგ, ძროხების გადარჩენა შევძელი, მაგრამ ვიზარალე, მთელი ზაფხული არც რძე და არც ყველი მქონდა. საქონელს სიცხემ აუწია, მუწუკებმა დაფოთლა ტანზე, რაღაც სიმაგრეები ჰქონდა. ვერ დადიოდა, აღარც ძოვდა. მეორე ძროხას კი ფეხები დაუსკდა, სისხლები სდიოდა ფეხებიდან“.

მიმდინარე წელს ბრუცელოზი გავრცელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში. ფერმერების უმეტესობა იძულებული გახდა, საქონელი ნახევარ ფასად, ყასაბისთვის ჩაებარებინათ, რადგან დაავადებული ძროხის რძის და მისგან დამზადებული პროდუქტების საკვებად მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

„ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან, გაბოროტებულია სოფელი. რა უნდა ვქნათ, რა გავაკეთოთ, ყველა ამ საქონელს შევჩერებივართ. ერთი ძროხა მყავს და ისიც დაავადებულია. ფქვილს ვყიდულობდი გაყიდული ყველით. ჩემს ერთ მეზობელს ბრუცელოზით რვა ძროხა დაუავადდა, სოფელში ბევრმა ნახა ზარალი“, – ამბობს ბელა კურტანიძე.

მიმდინარე წელს მაისსა და ივნისში პიროპლაზმოზი, იგივე ტკიპურა გავრცელდა სოფელ სვირში. ადგილობრივი ნელი დალალიშვილის ამბობს, რომ მის ძროხებს ბოლო ორ თვეში დაავადება ორჯერ შეხვდა.

„პირველად თვენახევრის წინ დაავადდა, არ იწველებოდა და კვნესოდა. სპეციალური ვაქცინა გავუკეთე, გამოვაკეთე და კიდევ შეხვდა. ხშირია ასეთი შემთხვევები და აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ყოველწლიურად ვზარალდებით“,–ამბობს დალალიშვილი.

სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მეტად საქონელი ბრუცელოზით, ნოდულარული დერმატიტით და პიროპლაზმოზით, იგივე ტკიპურათი ავადდება. განსაკუთრებით გავრცელებულია ბრუცელოზი. 2014 წელს დაავადება ერთდროულად რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მძვინვარებდა. ამ წელს ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა.

2019 წელს კი სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში ბრუცელოზი ორ მოქალაქეს აღმოაჩნდა.

„ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ აღნიშნული დაავადებები რეგიონში გადამრეკმა პირუტყვმა შემოიტანა. მასობრივი გავრცელება კი არასაკმარისმა ცოდნამ და გამოცდილებამ გამოიწვია.

„პიროპლაზმოზი, იგივე ცხელება, ნოდურალური დერმატიტი, ბრუცელოზი სულაც არაა ახალი დაავადებები, მაგრამ ჩვენი რეგიონისთვის ახალი აღმოჩნდა. რეალურად გადამრეკმა პირუტყვმა, ცხვარმა შემოიტანა. წინასწარ პრევენცია არ მოხდა, არც იცოდნენ თუ ასე გავრცელდებოდა. ცოდნის ნაკლებობის გამო ხდება ყველაფერი“, – ამბობს ჯინჭველაძე.

მისივე თქმით, ყველა დაავადება, რომელიც რეგიონში ვრცელდება, ტკიპას გადააქვს და პრევენციის მიზნით საქონელი ტკიპის საწინააღმდეგო ხსნარით უნდა შეიწამლოს.

„სამწუხაროდ, ყველა არ აკეთებს და მერე უჩნდებათ ეს დაავადებები. ფერმერი ნელ– ნელა სწავლობს ამას, თუმცა კარგი იქნება, სურსათის სააგენტოს თანამრომლები ყველა სოფელში თუ მივლენ და ფერმერებს ცნობიერებას აუმაღლებენ“.

იმ ფაქტს, რომ ფერმერების უმეტესობას საქონლის დაავადებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ სურსათის უვნელობის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოშიც გვიდასტურებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქონელს უფასოდ სამ დაავადებაზე ცრიან, ესენია თურქული, ჯილეხი და ნოდულარული დერმატიტი. დანარჩენი დაავადებების პრევენციაზე ფერმერმა თავად უნდა იზრუნოს.

სეს–ში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ქვეპროგრამის – „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია“ – ფარგლებში, ხელშეკრულებით, სამცხე–ჯავახეთში 76 სპეციალისტია დასაქმებული, აქედან ცხრა სახელმწიფო ვეტერინარია. ამას ემატება ცხოველთა სასაკლაოზე მიმაგრებული ოთხი ვეტერინარი.

სააგენტოში გვეუბნებიან, რომ სოფლებში იმ შემთხვევაში მიდიან, როცა მათთან შეტყობინება შევა დაავადებული თუ დაცემული ცხოველის შესახებ.

„როცა ჩვენთან შეტყობინება შემოვა ცხოველის შესახებ, სპეციალისტი მიდის და იღებს სისხლს, რათა გავიგოთ, რომელი დაავადებაა. თუ ეს დაავადება სახელმწიფო პროგრამით არაა გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში ფერმერს უბრალოდ რეკომენდაციას ვაძლევთ“, – ამბობს სურსათის უვნებლობის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.

მისივე თქმით, სეს–ს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ დაავადებებზე ვაქცინაციის ჩატარება და მონიტორინგიც ევალება. “ჩვენ გვაქვს მონიტორინგის უფლება, ანუ შეგვიძლია, რომ მივიდეთ სოფლებში და ვკითხოთ, რა აწუხებთ. როცა დაცემაა, ან დაავადებაა, მონიტორინგის ფარგლგებში, შეგვიძლია ავუხსნათ“.

მიმდინარე წელს ახალციხის გარდა ბრუცელოზით საქონელი დაავადდა ნინოწმინდის მუნიციციპალიტეტში, ქალაქ ნინოწმინდასა და ჯიგრაშენში, ასევე – ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში. კონკრეტულად რამდენი ძროხა დაავადდა, სურსათის უნვებლობის სამსახურში ინფრომაცია არ აქვთ: „სრულად აღრიცხული არ გვაქვს, ვერ გეტყვით, რამდენი დაავადდა და რამდენი დაეცა“.

ვეტერინარი შოთა ყულჯანიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ფერმერებზე უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს: „მხარში უნდა ამოუდგეს სახელმწიფო, თუნდაც ახალი პირუტყვის შეძენაში დაეხმაროს. ევროპაში ეგრეა, რაღაც დაავდება რომ ჩნდება, იქ სახელმწიფო ვალდებულია, დაავადებული საქონელი გაანადგუროს. იმ ფერმერს სახელმწიფო ყველაფერს უქვითავს და ყველნაირად გვერდში უდგას. აქ ეგეთი რაღაცა არააა. არიან ბანკები, რომლებიც აზღვევენ პირუტყვს. თუმცა, დანაკარგს იმ შემთხვევაში უნაზღაურებენ, თუ ძროხა დაიმტვრა ან ფეხი მოიტეხა და ამან გამოიწვია სიკვდილი“.

რეგიონში გავრცელებული საქონლის დაავადებები:
ბრუცელოზი

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, ან მისგან მიღებული პროდუქტით. დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად მხოლოდ თერმული დამშავების შემდეგ არის შესაძლებელი.

მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი.

ბრუცელოზის ადამიანზე გადაეცემის გზებია:

• კონტაქტური - ავადმყოფი ცხოველის აბორტულ მასალასთან, სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხება, პირუტყვის ტყავისა და მატყლის დამუშავება;

• საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენება (რძე, რძის პროდუქტები, ხორცი);

იშვიათად:

• ასპირაციული - ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების მოხვედრა პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანში.

ძალზედ იშვიათად! - ბრუცელოზის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება მოხდეს სისხლის გადასხმის ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის, სქესობრივი კონტაქტის და ძუძუთი კვების დროს.

როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე?

ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.

ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

• ცხელება

• ზოგადი სისუსტე

• ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით (სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის ოფლი)

• ტკივილები- განსაკუთრებით თავის და ზურგის კუნთების.

ნოდულარული დერმატიტი

ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

დაავადება მიეკუთვნება მრპ-ის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდის ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველს და დასუსტებულს. დაავადების ადვილად გადამტანია ადგილობრივი ჯიშის საქონელი.

ბუნებრივ პირობებში დაავადება გრძელდება 2-დან 4 კვირამდე.

დაავადების გამოსავალი ხშირ შემთხვევაში კეთილსაიმედოა, ცხოველთა სიკვდილიანობა მერყეობს 2-10%-მდე. რაც მთავარია, არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც იმუნიტეტს იძლევა 2-3 წელი. დაავადების წარმოშობის ადგილია აფრიკა.

პიროპლაზმოზი

პიროპლაზმოზი მწვავე ფორმით მიმდინარე მძიმე დაავადებაა. მისი მკურნალობის დაწყება აუცილებელია დროულად, პირველი კლინიკური ნიშნის გამოვლენისთანავე. თუკი ცხოველი დაავადებულია პიროპლაზმოზით, მას შემდეგი კლინიკური სიმპტომები ექნება:

ცხოველს უქვეითდება მადა, დათრგუნულია, ლორწოვანი გარსები ყვითელია, ავადმყოფი, ცხოველების ჯოგს ჩამორჩება, ხშირად წვება, რძის გამოყოფა მკვეთრად მცირდება, სუნთქვა გახშირებულია, სხეულის ტემპერატურა მატულობს 41-42 გრადუსამდე, მე-2–მე-3 დღეს უვლინდებათ ლორწოვანი გარსის სიყვითლე, ვითარდება ყაბზობა და ფაღარათი, შარდის გამოყოფა ხშირდება, მძიმე შემთხვევაში შარდი იძენს სისხლნარევ შეფერილობას.

თუ დროულად არ მოხდება ავადმყოფი ცხოველის მკურნალობა, იგი 5-7 დღეში იღუპება.

Created By
Tako Peikrishvili
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.