Loading

კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის პირას - რას აპირებს სახელმწიფო

თბილისის ძველ უბნებში უკვე წლებია, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ავარიულ სახლში ცხოვრობს. ნგრევის პირას მისული სახლების შეკეთებას მეპატრონეები ვერ ახერხებენ, რადგან შენობების უმეტეს ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.

ახოსპირელის ქუჩა სოლოლაკში - ლამაზი, წინა საუკუნის სახლებითა და თითქმის უკაცრიელი. ჩამონგრეული აივნები და სადარბაზოები, დაბზარული კედლები, ჩამოშლილი ჩუქურთმები, ბალახიანი ეზოები. ქუჩის მცხოვრებთა, ალბათ, ნახევარი უკვე საკუთარ სახლში აღარ ცხოვრობს. იქვე მდგარი დანგრეული ეკლესიის სახურავზე ხეებია ამოსული და ძნელი მისახვედრი არ არის, მიუხედაობის შემთხვევაში, რომ ყველა ნაგებობა ამ ბედს გაიზიარებს.

ახოსპირელზე ყველა სახლი რკინის დროებითი კონსტრუქციებითაა გამაგრებული, თუმცა, ეს დროებითი კონსტრუქცია უკვე წლებია, ამ სახლებს არ შორდება. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლები, დაახლოებით, სამი წლის წინ დაატოვებინეს და ქირით გაიყვანეს. იმასაც ამბობს, რომ წინა წელს თავადაც დატოვა საკუთარი სახლი სამი თვით. ამ ვადაში უნდა გაემაგრებინათ, თუმცა, სახლში ისე დააბრუნეს, რომ სახლის გასამაგრებლად არაფერი გააკეთეს.

ამბობს, რომ ყოველი წვიმის დროს სარდაფები იტბორება და კანალიზაციის სუნით ხვდება, რომ დროა, "წყალკანალში" დარეკოს. რეკავს, მაგრამ პრობლემა წლებია, არ გვარდება.

ახოსპირელის ქუჩა ერთადერთი არ არის, სადაც დაბზარულ სახლებსა და ჩამონგრეულ აივნებს ნახავთ, ძველ თბილისში ასეთი სახლების პოვნა რთული არ არის.

თბილისში, დაახლოებით, 2000-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ მათგანს სჭირდება აღდგენა-რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეინვენტარიზაცია და შემდეგ მათი მოვლა-აღდგენა თბილისის მერის, კახა კალაძის, ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც თბილისის მერის ამჟამინდელმა მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ, გაახმოვანა. მაშინ ხმალაძე ამბობდა, რომ მათ პრობლემის გადასაჭრელად გუნდს ხედვა გააჩნია.

თვითმმართველობის არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ ცნობილი მხოლოდ ის ხდება, რომ მათი აღდგენა-რეაბილიტაცია 4 წლის ვადაში ვერ მოხერხდება. საკითხთან დაკავშირებით „ფორტუნას“ თბილისის მერი, კახა კალაძე, ესაუბრა. ის კვლავაც ამბობს, რომ თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია მათი მთავრობის პრიორიტეტია, თუმცა, კონკრეტული გეგმა, თუ როდის და რა ვადაში უნდა მოხდეს მათი აღდგენა, როგორც ჩანს, ისევ არ არსებობს.

კახა კალაძე: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია და შესაბამისად, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ის შენობა-ნაგებობები, რომელიც ამ ნუსხაში ხვდება და სარეაბილიტაციო სამუშაოებში, ჩვენი მხრიდან აქვს განსაკუთრებული ყურადღება, რომ აღდგეს, პირვანდელი სახე მიიღოს, როგორც ეს იყო მოცემული და ეს უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ უკვე მოვლილი, მოწესრიგებული.

  • 2000-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია სულ თბილისში, მათგან ბევრია ავარიული საცხოვრებელი სახლები, რა ვადაში გეგმავთ მათ სრულ რეაბილიტაციას?

კახა კალაძე: 4 წლის განმავლობაში სრულად ნამდვილად ვერ მოხდება ყველა ძეგლის აღდგენა, ჩვენ გვაქვს კატეგორიები, არსებობს პრიორიტეტული მიმართულებები. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებით ვახდენთ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, როგორც იყო... მაგალითად, გუდიაშვილის რეაბილიტაციას ვიწყებთ უახლოეს მომავალში, დავიწყეთ ორბელიანის მოედნის და იქაც ხვდება, დაახლოებით, 9 ძეგლი, თუ არ ვცდები, ამ ნუსხიდან.

მთავარია, რომ ტურისტული მარშრუტი, რომელიც ძალიან საინტერესოა, მაქსიმალურად რეაბილიტირებული იქნას, რომ ადამიანს, რომელიც ჩამოდის უცხოეთიდან ჩვენს დედაქალაქში, შეეძლოს საფეხმავლოდ გადაადგილება და ერთი კონკრეტული რეაბილიტირებული მონაკვეთიდან მეორესთან დაკავშირება და ა.შ.

  • თუ გაქვთ რაიმე გეგმა, თუნდაც, 2018 წელს რა ნაწილის ჩაუტარდება რეაბილიტაცია?

კახა კალაძე: აი, გუდიაშვილის მოედანი, მაგალითად, მთლიანად ისტორიულია თავის შენობა-ნაგებობებით, უმრავლესობა შენობა-ნაგებობები, რომელიც არსებობს, არის ძეგლი და მათი რეაბილიტაცია 2018 წელს ჩატარდება, იგივე ორბელიანის მოედანზე, როგორც გითხარით და ა.შ.

  • ხომ არ იგეგმება თუნდაც, ბიზნესის წახალისება ამ მიმართულებით, დავუშვათ გადასახადების გაუქმებით, რომ გარკვეული ინვესტიციები ჩაიდოს?

კახა კალაძე: არა, გადასახადების გაუქმებას არ ვგეგმავთ, ეს არ ყოფილა ჩვენი დაპირება. საინვესტიციო პროექტებს რაც შეეხება, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, თუ იქნება ინტერესი. თუმცა, როცა საქმე ეხება ძეგლებს, ისტორიულ ნაწილს, აქ ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება.

გადასახადების შემცირება იყო ალეკო ელისაშვილის ხედვით პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა. აღნიშნულზე ალეკო ელისაშვილი წინასაარჩევნოდ საუბრობდა და ამბობდა, რომ ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლების რეაბილიტაციის დროს სამი კომპონენტია გასათვალისწინებელი: გარემონტდეს ისე, რომ არ დაკარგოს სახე, იყოს უსაფრთხო და გამოსადეგი და რაც მთავარია, ბიზნესისთვის მომგებიანი.

„ევროპაში არის უამრავი კომპანია, რომლისთვისაც უფრო დაბალპროცენტიანი ფული არის ხელმისაწვდომი და შეუძლიათ, რესტავრაცია გააკეთონ ისე, როგორც მერია ეტყვის და შემდეგ, როდესაც აქ ბიზნეს სივრცე იფეთქებს, რაღაც პერიოდის განმავლობაში გადახდილი გადასახადების 10%-ს მერია მათ მისცემს. ევროპული კომპანიები ასე მუშაობენ და ამის აქ გაკეთება შეიძლება,“ - აცხადებდა ელისაშვილი.

ურბანისტი მარი ბაქრაძეც ძეგლის სტატუსის მქონე სახლში ცხოვრობს და მისთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რაც სახლის რეაბილიტაციისთვის თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობას თან სდევს. ამბობს, რომ ისტორიულ შენობებში მცხოვრები მოსახლეობა ამ პროგრამით ვერ სარგებლობს.

„იმდენად რთულია ამ პროცედურების გავლა, რომ ამას არავინ აკეთებს. ეს, ერთი მხრივ, დაკავშირებულია ურთიერთობის სირთულეებთან, უამრავ საბუთზე არის საჭირო სირბილი, კონსტრუქტორების, არქიტექტორების მოძიებაა საჭირო, ექსპერტიზების, შეფასებების გაკეთება, რაც ძალიან შრომატევადი საქმეა. ადამიანებს თვითონ უწევთ სპეციალისტების მოძიება, ისეთების, რომლებიც მერიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ამიტომ რთულია თანადაფინანსებით სახლის რეაბილიტაცია, რადგან ბევრი ბარიერის გადალახვა უწევს მოსახლეობას,“ - ამბობს მარი ბაქრაძე.

მარი ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებაა. საკითხზე საუბრისას აღმაშენებლისა და ახალი აღმაშენებლის რეაბილიტაციის მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ რესტავრაცია მხოლოდ გარედან შელამაზება არაა და იქ მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება არ მომხდარა.

„ერთ სახლში ცხოვრობს 10-20 ოჯახი და საერთო საპირფარეშოთი, სამზარეულოთი სარგებლობს, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობა ტოვებს გარედან გალამაზებულ სახლებს, როცა იქ მიდის ინვესტორი, გამოდის ისე, რომ ავთენტური მოსახლეობისგან იცლება ეს სახლები იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს,“ - ამბობს მარი ბაქრაძე.

კახა კალაძის მსგავსად, მარი ბაქრაძეც ფიქრობს, რომ ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციისთვის 4 წელი საკმარისი არ არის, თუმცა, ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად დასაწყისისთვის სამოქმედო გეგმა უნდა არსებობდეს (10-20 წლიანი), რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული, ხოლო მისი შესრულება კონკრეტულ პოსტზე ჩინოვნიკების ცვლილებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

Created By
თაკო ივანიაძე
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.