Loading

საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტით, აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომილები იმოძრავებს. შედეგად, ბაღდათი-აბასთუმნის 60 კმ-ანი გზის მშენებლობა შეჩერდა. შემოვლითი გზა კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაივლის.

2018 წლის აგვისტოში ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ისვენებდა. სწორედ მას შემდეგ გადაწყდა აბასთუმნის ახლებური განვითარება.

ახლებური ხედვის შედეგად გამჭოლი გზა აბასთუმანს შემოუვლის და ის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაკეთდება. შემოვლითი გზის პროექტი, რომელზეც საბოლოოდ შეჯერდნენ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს 9.2 კმ-ზე კვეთს და მისი პროექტირებისთვის 1 975 000 ლარი დაიხარჯა. ეს ერთერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში, სადაც ველური, ხელშეუხებელი ტყეებია. ამასთან აქ წითელ ნუსხაში შესული მრავალი სახეობა ბინადრობს.

გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გზის მშენებლობა ეკოსისტემას მძიმე შედეგებს მოუტანს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაკრესი” უკვე წლებია ბიომრავალფეროვნებას სწავლობს. მისი წარმომადგენელი ბეჟან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ გზის მშენებლობა ამ ადგილების ცხოველებისგან დაცარიელებას გამოიწვევს და შესაბამისად, პარკის ეს ნაწილი ველურ ბუნებას ჩამოეჭრება.

ვინაიდან ეროვნული პარკი მკაცრი დაცვის ზონაა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა კანონით აკრძალულია. დაცული ტერიტორიების” შესახებ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დაცული ტერიტორიის გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევის საფრთხეა ან ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დგას. თუმცა არსებობს მესამე გზაც, როდესაც საზღვრის დადგენას თავად მთავრობა განსაზღვრავს.

ამავე კანონში საუბარია იმაზე, რომ დაცული ტერიტორიის ზონის გარკვეული დროით მოსახლეობის მხრიდან ათვისება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ეხება ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებას და ეს მოსახლეობისავე საჭიროებებს უკავშირდება.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” მიიჩნევს საავტომობილო გზის მშენებლობა ვერანაირი კრიტერიუმით ვერ განიხილება დაკავშირებულ სამეურნეო საქმიანობად. დაგეგმილი პროექტის ასეთი სახით განხორციელება კი მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

ახალი გზის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ სურვილს უკავშირებს “მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე.

საჯარო განხილვას, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აბასთუმანში შემოვლითი გზის პროექტთან დაკავშირებით გამართა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენლებიც ესწრებოდნენ. ხელშეუხებელი ტყეების გაჩეხვის და წითელ ნუსხაში შესული სახეობებისთვის საფრთხის შემცველი გზის პროექტის განხილვამ აბასთუმანში ისე ჩაიარა, რომ არც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს და არც ადგილობრივებს შეკითხვები არ გასჩენიათ.

ზაქარიას ენდელაძისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისთვის კი, რომელიც თავადაც ესწრებოდა შეხვედრას, პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გზამ დაცულ ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.

გზა, რომელიც აბასთუმანს შემოუვლის და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაივლის 9 კმ. სიგანისაა და 370მ-იან გვირაბს მოიცავს. გზის მშენებლობა კი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, აბასთუმნის ახლებური განვითარების შესახებ, სახელმწიფო სტრუქტურებმა ღია ავტოსადგომის მოწყობისთვის 9 000 000-იანი ტენდერიც გამოაცხადეს. აბასთუმანში სხვადასხვა პროექტს სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, ივანიშვილის ფონდი ქართუ აფინანსებს.