Loading

ყველაზე ფერადი ქუჩა ბორჯომში ავტორი: ეკა ნოზაძე

ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებული მანიშნებელი, ცენტრალური (ისტორიული) პარკისკენ მიმართულებას გვიჩვენებს, აქედან პარკამდე დაახლოებით 700 მეტრია გასავლელი, ეს არის ბორჯომში ტურისტების ყველაზე საყვარელი და ფერადი ქუჩა.

აქაურობას ფერადოვნებას ჩურჩხელებიც სძენს, მათი შეძენა თითქმის ყველა დახლზეა შესაძლებელი. დამსვენებლები პირველ რიგში მათი შემადგენლობით ინტერესდებიან. გამყიდველებიც გულმოდგინედ უხსნიან, რომ ჩურჩხელა ქართული ნუგბარია, რომელიც ყურძნის წვენით და ნიგვზით მზადდება.

აქვეა ფერად-ფერადი თაბაშირის თოჯინები.

სუვენირებთან ერთად, ოჯახში დამზადებული მურაბების შეძენაც შეგიძლიათ. გამყიდველები ამბობენ, რომ მათი უმეტესობა სამკურნალოა.

ტურისტებიც ამ ადგილს გულგრილი ვერ ტოვებენ. ჯერ ჩამწკრივებულ მინის ქილებს ათვალიერებენ, მერე შიგთავსის წარმომავლობით და სამკურნალო თვისებებით ინტერესდებიან, ბოლოს ერთ მურაბას მაინც ყიდულობენ.

დიდი პოპულარობით სარგებლობს ცნობილი ბორჯომული გირჩის მურაბა და ნაძვის მტვერი.

ქუჩა ყველაზე ხალხმრავალი და ხმაურიანი ზაფხულობით ხდება. 9 აპრილის ქუჩის გავლის გარეშე პარკში ვერ მოხვდები, საკურორტო სეზონზე აქ ავტომანქანებით შესვლა იკრძალება.

აქ არის რამდენიმე სხვადასხვა კლასის სასტუმრო.

ქირავდება ქუჩაზე არსებული ყველა საცხოვრებელი სახლი, წლის ნებისმიერ დროს. განსხვავებული პირობებით და შესაბამისი ფასებით.

მთელ ტერიტორიაზე შეხვდებით გასაყიდად გამოტანილ პლასტმასის ჭურჭელს. სხვადასხვა ზომის ბოთლებში დამსვენებლები ბუნებრივი "ბორჯომის" მინერალურ წყალს ავსებენ. ბორჯომის წყლის ბიუვეტიც 9 აპრილის ქუჩაზე, მდინარე "ბორჯომულას" ნაპირზე მდებარეობს.

სპეციალურად ბორჯომის წყლის დასალევად ქუჩაზე უამრავი ჭიქა იყიდება. დამსვენებლები მინერალურ წყალს აქვე ავსებენ და სეირნობის დროს აგემოვნებენ.

მოკლედ, ამ 700 მეტრის გავლას შეიძლება მთელი დღე მოანდომოთ. თუ რა თქმა უნდა, ყველაფერს საფუძვლიანად დაათვალიერებთ და შეძენასაც გადაწყვეტთ. გამყიდველებს გამოელაპარაკებით და ადგილობრივებისგან ბორჯომის ისტორიასაც მოისმენთ.

წინ კი არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო სანახაობა გელოდებათ, ბორჯომის სავიზიტო ბარათი, ცენტრალური პარკი.

ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელი

Created By
Ekaterina Nozadze
Appreciate

Credits:

ფოტოების ავტორი: ეკა ნოზაძე

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.