Loading

სამი ქალის ისტორია საქართველოში ბევრი რამე იცვლება, მაგრამ ქართველი ქალები ჯერ კიდევ შორს არიან თანასწორობისა და თავისუფლებისგან

საქართველოს უკვე ჰყავს პირველი ქალი, რომელმაც საკუთარი უფროსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სექსუალური შევიწროვების გამო და დავა მოიგო.

ასევე ჰყავს თავისი ჰარვი ვაინსტაინიც - ადამიანი, რომელიც ცნობილი და წარმატებული საჯარო პერსონიდან ყველასათვის მიუღებელ მოძალადედ გადაიქცა, რადგან რამდენიმე ქალმა ერთდროულად იგი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.

საქართველოს ასევე ჰყავს გოგო, რომელმაც ღიად თქვა, რომ გააუპატიურეს. ეს დიდი გმირობაა, რადგან ასეთ შემთხვევებში ქართული საზოგადოება დღესაც ხშირად არა მოძალადეს, არამედ მსხვერპლს ადანაშაულებს.

თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ზღვაში წვეთია. გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველო დღემდე პატრიარქალური მენტალიტეტის ქვეყანაა და ამას რამდენიმე კონკრეტული ფაქტი თუ ციფრი მოწმობს:

საქართველოში დღემდე ხდება გოგონების მოტაცება;

დღემდე გავრცელებულია სელექციური აბორტები;

საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება ოჯახური ძალადობა.

კაცების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მისი ადგილი სამზარეულოშია;

მშობლების მემკვიდრედ დღემდე მხოლოდ ბიჭი ითვლება და არა გოგონა, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ორივეს თანაბარი უფლებები აქვთ.

დასაქმებულ ქალს უფრო ცოტას უხდიან, ვიდრე კაცს;

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 52.3 პროცენტი ქალია. აქედან 36 პროცენტს (4 პროცენტით მეტია, ვიდრე კაცების მაჩვენებელი) აქვს უმაღლესი განათლება. მიუხედავად ამისა, პარლამეტსა და ზოგადად პოლიტიკაში დღემდე ძალიან ცოტა ქალია. 150 დეპუტატიან პარლამნეტში სულ 23 ქალია (15 პროცენტზე ცოტა), ხოლო 11 მთავრობის წევრიდან მხოლოდ სამი ქალი.

გენდერული უთანასწორობის 2017 წლის რეიტინგში საქართველო 144 ქვეყნიდან 94-ე ადგილზეა.

აქ სამი ქართველი ქალის ისტორიაა

საკუთარი შემოქმედებით ისინი ცვლიან გარემოს და ბევრი ქალისთვის ინსპირაციის წყარო არიან.

ლია უკლება, მხატვარი, 44 წლის

ლია უკლებას ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც მისი ერთი ნახატის გამო იმართებოდა საპროტესტო აქციები, ეწყობოდა თოქ-შოუები; მას ეკლესიიდან და ქვეყნიდან მოკვეთით ემუქრებოდნენ, ფეისბუკზე კი უგზავნიდნენ წერილებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით.

ნახატს „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ ჰქვია. მასზე ფეხმძიმე ღვთისმშობელია გამოსახული, რომელსაც საფეთქელთან პისტოლეტი აქვს მიდებული, ისე თითქოს თავს იკლავს.

მოგვიანებით მან თქვა, რომ ამ ნახატის ინსპირატორი იყო ხალხი, “ვინც რელიგიის სახელით ათას საზიზღრობას ჩადის”.

“შეუძლიათ გაწირონ, კუთხეში დააყენონ ადამიანი, ჩაქოლონ, მოკლან. მარიამის „თვითმკვლელობის მცდელობა“ არის მესიჯი იმისა, რომ ღირსები ვართ უღმერთოდ დაგვტოვოს. ეს ხუმრობა იყო ჩემი მხრიდან, მწარე ხუმრობა,რომელზეც დაფიქრება გვმართებს”.

5 წლის ასაკში ზუსტად ვიცოდი, რომ მხატვარი ვარ, მაგრამ როცა გავიზარდე, ეს რწმენა დავკარგე.

ჩემს ცხოვრებაში იყო 20 წელი, როდესაც აბსოლუტურად დავივიწყე საკუთარი თავი. იმ წლებში ფიზიკური გადარჩენის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. რთული პერიოდი მქონდა - ვზრდიდი შვილებს, ვარჩენდი ოჯახს, ვშრომობდი ფიზიკურად. ასეთი რამე ხშირად მოსდით ქალებს საქართველოში, როდესაც ყოველდღიურობაში კარგავენ საკუთარ თავს.

25 წლის რომ გავხდი, წარმოდგენაც არ მქონდა ვინ ვიყავი. ამ დროის განმავლობაში არათუ რამე დამიხატავს, წიგნიც კი არ გადამიშლია. უბრალოდ არ მქონდა ამის დრო და საშუალება. ჩემი ინტელექტუალური განვითარება 20 წლით გაიყინა.

ფუნჯი თავიდან ავიღე ხელში 36 წლის ასაკში ავიღე. ბავშვები უკვე წამოზრდილები იყვნენ, თითქოს რაღაცეები დალაგდა ჩემს ცხოვრებაში და მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა. მაშინ ვკითხე ჩემს თავს - რა შემიძლია, გარდა იმისა, რომ დედა ვარ?

გამახსენდა, რომ ოდესღაც ყველაზე ძალიან ხატვა მიყვარდა.

შეიძლება ბევრისთვის ჩემი შემოქმედება მაღალი ხელოვნება არ არის, მაგრამ ჩემთვის ხატვა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებაა. ხშირად უთქვამთ - გველაპარაკე ღვთისმშობელზე, რატომ დახატე ის. არ შემიძლია. ვერ ვლაპარაკობ. სწორედ იმიტომ ვხატავ, რომ სიტყვებით რაღაცეების თქმა არ გამომდის.

ჩემი ისტორია უნიკალური არ არის. საქართველოში და არა მარტო საქართველოში ბევრი ქალია, ვისაც ჩემსავით ხელი ეშლება თვითგამოხატვაში იმის გამო, რომ ქალია.

წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა, მთელი ის ენერგია და რესურსი, რომელსაც ქალები ოჯახზე ზრუნვას და სახლის საქმეებს ახმარენ, საკუთარ განვითარებას რომ დაუთმონ?!

ახლა კი ვხატავ, მაგრამ მაინც დიასახლისად ვრჩები - სამხატვრო სახელოსნო აქვე მაქვს, სახლში, სამზარეულოს გვერდით, მაგრამ გადის დღეები, რომ იქ შესვლას ვერც ვახერხებ. იმიტომ, რომ მაინც ისე ხდება, რომ სამზარეულოში უფრო მეტი საქმე მაქვს, იქ უფრო საჭირო ვარ.

მგონი, ფემინიზმი ჯერჯერობით ისე მძიმე ტვირთად აწევთ ქალებს - ახლა ისინი ორ ფრონტზე იბრძვიან - სამსახურშიც თავი უნდა გამოიჩინონ და სახლსა და ოჯახსაც არაფერი მოაკლონ. დღეს ქალს ორჯერ მეტი შრომა უწევს, ვიდრე კაცს და მიუხედავად ამისა, ქალს საქართველოში უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე კაცს.

გარდა ამისა, ქართველ ქალებს მუდმივად უწევთ ბრძოლა პატრიარქალურ სპერეოტიპებთან, საზოგადოებრივ აზრთან. საქართველოში დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ ქალი მხოლოდ იმიტომ დაიბადა, რომ გათხოვდეს და შვილები გააჩინოს. გოგონები ხშირად სულ პატარები თხოვდებიან, განათლებასაც ვერ იღებენ და მთელი ცხოვრება სხვაზე არიან დამოკიდებული”.

დინა ოგანოვა, ფოტოგრაფი, 30 წლის

დინას ფოტოების გმირები ხშირად ქალები არიან, მათ გადასაღებად ის ბევრს მოგზაურობს მთელს საქართველოში და ამბობს, რომ თბილისიდან მოშორებით სხვა რეალობას აწყდება - პატრიარქალური წეს-ჩვეულებები ყველაზე მეტად სწორედ რეგიონებშია შემორჩენილი.

ის ამბობს, რომ მისი ფოტოების გმირები ძლიერი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არარეალიზებული ქალები არიან, რადგან გარემოებებმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

მის ბოლო პროექტს (S)hero(es) ჰქვია. ეს არის ფოტოწინგნი, რომელიც მან მწერალ სალომე ბენიძესთან ერთად გამოსცა. აქ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებია თავმოყრილი. ეს არის წიგნი ომის კულისებში დარჩენილ გმირებზე, ამბობს დინა.

“ბავშვობაში, როდესაც მე და დედა ბორჯომში ვისვენებდით, ყოველთვის ერთსა და იმავე ბინაში - იქაური ფოტოგრაფის სახლში ვრჩებოდით.

ის ბორჯომის პარკში მუშაობდა და დამსვენებლებს ფოტოებს უღებდა.

ამ სახლში ყველაფრის უფლება მქონდა, ყველაფრის კეთება შემეძლო, მარტო ერთ ოთახში მეკრძალებოდა შესვლა. საათობით ვიჯექი ამ ოთხის შესასვლელთან და ვუყურებდი იქედან გამომავალ წითელ შუქს. ველოდებოდი როდის გამოვიდოდა, რომ უცებ შემეხედა შიგნით და რამე მაინც დამენახა.

როცა გავიზარდე და ვთქვი, რომ ფოტოგრაფობა მინდოდა ბევრმა მითხრა, რომ ეს ქალის საქმე არ იყო.

დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სტერეოტიპს არ ავყევი. მგონია, რომ ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში. მაქვს ფუფუნება გავიცნო საინტერესო ადამიანები, მაგარ ადგილებში ვიარო, საინტერესო ისტორიები მოვყვე, რაღაცა შევცვალო.

ჩემი თითქმის ყველა პროექტი ქალებზეა, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის ვიღაცას ან რაღაცას სწირავენ თავს. ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, ქმრები - ეს არის ქართველი ქალების ცხოვრება.

ასეთი თავგანწირვის მაგალითი საკუთარ ოჯახშიც მაქვს. მამა რომ გარდაიცვალა ძალიან პატარა ვიყავი. მას შემდეგ დედა აღარ გათხოვილა და მისი ცხოვრების ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი მე ვიყავი. საკუთარი ცხოვრება მე მომიძღვნა. ვეუბნები, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, ქალს საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს.

ბევრს ვმოგზაურობ და ვხედავ, რომ რეგიონებში ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა. იქ ქალებმა ისიც კი არ იციან, რომ უფლებები აქვთ. ხმის ამოღება ალბათ უნდათ, მაგრამ შესაძლებლობა არ ეძლევათ. არ იციან, ეს როგორ გააკეთონ.

როდესაც მოტაცებულ გოგოებზე პროექტს ვაკეთებდი, ერთი გოგო გადავიღე, რომელიც 16 წლის გათხოვდა.

ის მოიტაცეს, დასვეს სახლში და სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცეს. ხშირად ვფიქრობ ამ გოგოზე - რა უნდა მისცეს მან თავის შვილებს? და მერე იმ შვილებმა რა უნდა მისცენ თავიანთ შვილებს?

როგორ უნდა გაირღვეს ეს ჯაჭვი? ალბათ მხოლოდ განათლებით, სხვა გამოსავალი არ არის.

ჩემი ბოლო პროექტიც ქალებზეა. იმ ქალებზე, რომლებმაც ომის დროს ქმრები, შვილები, ოჯახის წევრები დაკარგეს.

ერთი ქალი აღმოვაჩინეთ, ჯუნა, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს, როცა გორი იბომბებოდა გორის საავადმყოფოში მშობიარობდა და პატარა ქეთო გააჩინა.

მარინას სოფელ ნულში საცხობი ჰქონდა. ის ბოლო იყო, რომელმაც სოფელი დატოვა. გასვლის წინ თავის სახლში მაგიდა გაშალა და ქართველ ჯარისკაცებს საჭმელი დაუტოვა მშივრები იქნებიანო.

ომგამოვლილი ქალები მაგარი ქალები არიან, მათზე დგას ოჯახები, მათ მთელი სოფლები გადაარჩინეს. თუმცა, მათი ცხოვრება ისე წავიდა, რომ თავიანთი სათქმელი მაინც არ უთქვამთ, საკუთარი თავი ვერ გამოხატეს.

ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი, 38 წლის

ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი, 38 წლის

90-იან წლებში, როდესაც თბილისში შუქი არ იყო, ირგვლიც კრიმინალები დათარეშობდნენ და ყველას ერთნაირი, მუქი ტანსაცმელი ეცვა, ნენე მკვეთრ წითელ პომადას ისვამდა და ცდილობდა ასე გამოირჩეულიყო ერთფეროვანი რეალობისგან.

ამბობს, რომ თავის დროზე მწერალიც იმიტომ გავხდა, რომ ეკეთებინა ის, რასაც სხვები არ აკეთებდნენ.

18 წლის ვიყავი დედაჩემი რომ გარდაიცვალა. მამაჩემი დარჩა თინეიჯერ გოგოებთან - ჩემთან და ჩემს დასთან ერთად.

ამ ტრაგედიამ ბევრი რამ განაპირობა ჩემს ცხოვრებაში. ფარად უფრო დამიდგა.

ტკივილის პანიკური შიში დამეწყო. მეშინოდა, რომ გულს მატკედნენ, ამიტომ თავდაცვის უცნაური მექანიზმი ჩამერთო - ჩაგვრამდე და ხელისშეშლამდე არც მიმყავდა საქმე, პირიქით, თავს იმით ვიცავდი, რომ შეიძლება სხვისთვის დამესწრო ჩაგვრა, სხვისთვის მეტკინა გული.

ბევრი სიტუაციიდან, თუნდაც პირადი ურთიერთობიდან, დროზე ადრე გავსულვარ იმის შიშით, რომ გულს მატკენდნენ. კარგია, რომ ამ ეტაპმა გამიარა. ტკივილს მაინც ვერასოდეს აცდები, მაგრამ მაშინ ალბათ ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

მამაჩემი, რომელიც ტრადიციული კაცი იყო, ბავშვობიდან გვიყვებოდა ერთი ქუთაისელი ქალის ისტორიას, რომელსაც 1937 წელს მამა დაუხვრიტეს, გიმნაზიიდან გარიცხეს და როგორც “ხალხის მტრის” ოჯახის წევრს ყველა კარი ჩაუკეტეს.

ეს ქალი ბებიაჩემი იყო. მან მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, ადაპტირება, დაქორწინება და შვილების გაზრდა. სულ არ ადარდებდა გარშემომყოფების აზრი - დადიოდა და თამბაქოს ქუჩაში ეწეოდა.

დრო რომ გავიდა მერე მიხვდვი, რომ ამ ისტორიას იმიტომ გვიყვებოდნენ, რომ ჩვენც ასეთი ძლიერები ვყოფილიყავით.

ჩემთვის ეს არის ფემინიზმი - შინაგანი სიძლიერე. ყველას, ვისაც შეუძლია მეორე ადამიანი გააძლიეროს, მინდა ფემინისტი ერქვას.

იცით ცოტა რაზე მწყდება გული? ადრე ქალ ავტორებს, მხატვარებს ან ნებისმიერ ქალს, რომელიც რაღაცას აკეთებდა, უფრო თავისუფლად და თამამად გვაკრიტიკებდნენ. დღეს კრიტიკოსი ასჯერ დაფიქრდება, რომ არაპოლიტკორექტულობაში ან ქალთმოძულეობაში არ დაადანაშაულონ.

არ მომწონს ეს ტენდენცია. ესეც დისკრიმინაციის ფორმაა და საფრთხეა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს უთანასწორობა. ქალი ხარ და ამიტომ შენთან კამათს აზრი არა აქვს - ეს მიდგომა შეურაცხმყოფელია.

საქართველოში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ თანასწორობისა და თავისუფლებისგან ქალები მაინც შორს არიან. ხშირად მეკამათებიან, რომ თბილისში ასე აღარ ხდება, რომ

ეს ამბები - ფიზიკური ძალადობა და ჩაგვრა, მხოლოდ მაღალმთიან სოფლებში ხდება, აქედან ძალიან შორს. ჩვენ სასტიკად ვტყუვდებით იმიტომ, რომ სინამდვილეში ჩვენ გვერდით, ძალიან ახლოს, შემდგარი ქალები, გოგოები ჩაგვრის მსხვერპლები არიან.

ჩემი ტექსტების უმრავლესობა სწორედ მათი პირითაა მოყოლილი - ქალის ამბავი, გოგოს გამოცდილება, რომელიც რომანიდან რომანში იზრდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალმა იპოვოს ძალა საკუთარ თავში და თუ ჩემი ტექსტი ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება ამაში, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

პროექტის ავტორი: JAMNews

ტექსტის ავტორი: ნინო გამისონია,

ფოტო: დინა ოგანოვა

ვიდეო: დავით ფიფია

ფოტოები საპროტესტო აქციიდან: იანა კორბეზაშვილი

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.