Loading

მეწარმე ქალთა კლუბი- ინიციატივები განვითარებისათვის მედია ცენტრი კახეთი, knews.ge

მეწარმე ქალთა გაძლიერების, მათი საჭიროებების განსაზღვრის, ინიციატივების დამუშავებისა და მხარდაჭერისთვის, სამოქალაქო ორგანიზაცია „მედია ცენტრმა კახეთმა„ NDI-ის მხარდაჭერით, პროექტი ,,მეწარმე ქალთა კლუბი" განახორციელა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა საჭიროებათა კვლევა, ჩატარდა სამიზნე აუდიტორიასთან საინფორმაციო შეხვედრები, მოხდა მეწარმე ქალთა საჭიროებების განსაზღვრა, მათი ინფორმირება, საჭიროებების ინიციატივებად დამუშავება და ადვოკატორება ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

მეწარმე ქალები შეხვედრაზე

„მედია ცენტრი კახეთის“ დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, საგრანტო კომპონენტებში მეწარმე ქალების ჩართულობის გაუმჯობესებისა და ინფორმირების აუცილებლობა.

პროექტის განხორციელების პერიოდში, არსებული პრობლემების მოგვარებისა და ინიციატივების განხორციელებისთვის, მეწარმე ქალებმა აქტიურად იმუშავეს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რამაც ხელი შეუწყო მათი ინიციატივების გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიტანას და ინიციატივების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.

მეწარმე ქალთა საინიციატივო ჯგუფმა შერჩეული ინიციატივები თელავის საკონსულტაციო საბჭოს წარუდგინა. საბჭომ იმსჯელა და მეწარმე ქალთა ინიციატივის - ქალაქ თელავის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცის შექმნის თაობაზე, მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს რეკომენდაციით მიმართა.

თელავის მერიამ განიხილა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაცია და ადგილობრივი მეწარმეებისათვის საგამოფენო სივრცის გამოყოფის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. სულ მალე კი ქალაქის ტერიტორიაზე გამოიყოფა შესაბამისი სივრცე, სადაც მეწარმეები წარმოებული პროდუქციის გამოფენას და გაყიდვას შეძლებენ.

თელავში მცხოვრები თამარ მიქელაძე ამ დროისთვის პროდუქტს მხოლოდ ონლაინ ყიდის. პანდემიამ მის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თამარი ამბობს, რომ 24 სახეობის ხელნაკეთ საპონს, ტუჩსაცხს და სკრაბებს აწარმოებს, რომლებიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და ეთერ ზეთებისგან არის დამზადებული.

მეწარმე ამბობს, რომ საგამოფენო სივრცის გახსნა ქალაქში მნიშვნელოვანია და ეს ხელს შეუწყობს მის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების გაზრდას.

თამარ მიქელაძე განმარტავს, რომ აუცილებელია საგამოფენო სივრცის ქალაქის ცენტრში განთავსება, რომ მისით საგრებლობა ქართველ და უცხოელ ტურისტებს გაუადვილდეთ.

თელავში მცხოვრები თეა მახათელაშვილი ,,მამუკელაშვილის მარანში" 4 სახეობის ღვინოს: რქაწითელს, მწვანეს, საფერავსა და ჟღიას აწარმოებს. იგი ამბობს, რომ ის გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და ღვინის მოყვარულთა დიდ ინტერესს იწვევს.

თეა ამბობს, რომ საგამოფენო სივრცე მას და სხვა მცირე მეწარმეებს, რომლებიც ადგილზე სხვადასხვა სახის პროდუქტს თუ ხელნაკეთ ნივთებს აწარმოებენ, ხელს შეუწყობთ პროდუქციის პოპულარიზაციაში.

,,საგამოფენო სივრცის მოწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქში გაჩნდება ადგილი, სადაც შესაძლებლობა გვექნება ქალ მეწარმეებს გამოვფინოთ ჩვენი პროდუქცია და გავყიდოთ. გარდა ამისა, მეწარმეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საკონსულტაციო საბჭოს წევრების და თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია და შედეგის მომტანი იქნება''.

მეწარმე ქალები ასევე პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ მის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრებმა და ტრენინგებმა მათ სხვადასხვა მიმართულებით დამატებით ცოდნა და გამოცდილება მისცა.

,,მნიშვნელოვანი იყო ინიციატივების მიტანა ადგილობრივ თვითმმართველობამდე.. ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო მეწარმე ქალებისა და თელავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა ამ მიმართულებით. მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგს, რომ მერია არის თანახმა გამოიყოს მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცისთვის ტერიტორია ქალაქთან ახლოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან მეწარმე ქალებს გვექნება ხელშეწყობა რეალიზება მოვახდინოთ საკუთარი პროდუქციის და მივიღოთ შემოსავალი'',-განაცხადა მარიამ დარჩიაშვილმა.

სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები მეწარმე ციცინო მარგალიტაშვილი განმარტავს, რომ ერთობლივი მუშაობით და მსგავსი პროექტების განხორციელებით, სადაც მათ ჩართვის და სხვა მეწარმეებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ, მეტ შედეგს მოიტანს.

,,აღნიშნულ პროექტში ჩართვა და მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ბევრი საინტერესო ინფორმაცია და შესაძლებლობები გაჩნდა. ყველაზე კარგი კი თვითმმართველობასთან ხშირი და უშუალო კომუნიკაცია იყო, რომელმაც გააადვილა როგორც ინიციატივის წარდგენა, ასევე მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი საჭიროებების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა'',- განაცხადა ციცინო მარგალიტაშვილმა.

თელავის საკონსულტაციო საბჭოს წევრები დადებითად აფასებენ მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინიციატივის განხილვასა და ფართის მეწარმეებისთვის გამოყოფის ფაქტს. მათი თქმით, ჩართულობის გასაზრდელად აუცილებელია ყველა მხარის აქტიურობა.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებით თელავში გაჩნდება კიდევ ერთი ტურისტული ცენტრი, რომელიც ქალაქში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

DMO- visit kakheti-ს აღმასრულებელი დირექტორის თინიკო ხანჯალიაშვილის თქმით, აღნიშნული სივრცის ფუნქციონირება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მეწარმეების გაძლიერების მიმართულებით.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მათთან შესული ინიციატივის მიხედვით, შეარჩიეს სავარაუდო ადგილი, სადაც საგამოფენო სივრცე მოეწყობა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი განმარტავს, რომ ადგილი სადაც დაგეგმილია საგამოფენო სივრცის გახსნა, მდებარეობს თელავის სტრატეგიულ ადგილზე გომბორის გზის მიმართულებით, სადაც მუნიციპალიტეტში შემომსვლელი და გამსვლელი ყველა ტურისტი მოხვდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით გარდა საგამოფენო სივრცისა, აღნიშნულ ადგილას დაგეგმილია ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის, ავტობუსების სადგომისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.