Loading

სკოლა საოკუპაციო ხაზთან

ავტორი: თამარ ონიანი

სკოლა გორის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 840 მეტრზე, 60 მოსწავლითა და 21 მასწავლებლით. აქ უცნაური თითქოს არაფერია, ერთ გარემოებას თუ არ გავითვალისწინებთ, სკოლა ერგნეთში საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარეობს. ყოველდღიურად მოსწავლეებს იმ გზის გავლა უწევთ, საიდანაც ცხინვალი მოჩანს.

სკოლას დიდი ისტორია აქვს, გარკვეული დროის განმავლობაში ის ვაგონში იყო განთავსებული. სწორედ ამ სივრცეში იღებდნენ მოსწავლეები განათლებას.

მთავარი პრობლემა, რომელიც როგორც სკოლას, ასევე სოფლესაც აერთიანებს ოკუპაციაა. ამბობენ, რომ ამჟამად თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, თუმცა ბუნებრივია ის ფაქტორი, რომ აქვე ოკუპანტები დგანან სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა. პედაგოგების ნაწილი გორში ცხოვრობს და ყოველდღიურად გადის გზას ერგნეთამდე, მათ შორისაა 57 წლის ლაურა ბაბუციძე. ის 26 წელია რაც მასწავლებელია. მშობლიურ სოფელთან ერთად ომში მეუღლეც დაკარგა.

"არასდროს ბავშვებს ომზე არ ველაპარაკები, პატარები არიან და არ არის საჭირო წარსულში დაბრუნდნენ, ისინი სიკეთით უნდა გავზარდოთ", - ლაურა ბაბუციძე

"ომი არავის არ უნდა, ომს ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს",- ამბობს ლაურა. თავისი პროფესია ძალიან უყვარს, დაწყებით კლასების პედაგოგია და ბავშვებს ხელსაქმესაც ასწავლის. ის და თავისი მოსწავლეები უკვე გამოუსადეგარ ნივთებს ახალ სიცოცხლეს სძენენ.

საკლასო ოთახი მათი გაკეთებული ნივთებითაა მოწყობილი

სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა მაღალი არ არის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სულ 60 მოსწავლეა. დამამთავრებელ კლასებში უფრო მეტნი არიან, ვიდრე დაწყებითში. რაც, თავის მხრივ, იმითაცაა განპირობებული, რომ თუ მოსწავლე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლას დაამთავრებს შემდეგ სახელმწიფო ბაკალავრიატზე სწავლას უფინანსებს.

ელენე, გერა, ნონა და ბარბარე ერგნეთის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები არაინ. ამბობენ, რომ ერთმანეთს კარგად უგებენ და ყველაზე კარგად თავს სკოლაში გრძნობენ. ისინი ომს არ მოსწრებიან, თუმცა ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც ეს თემა ამჟამადაც აქტუალურია. სწორედ ამიტომ, ბევრი რამ იციან ოკუპაციაზე და აინტერესებთ რა ხდება ე.წ. საზღვარს მიღმა. ყვებიან, რომ ყოველდღე ხედავენ ცხინვალს, აკვირდებიან იქაურობას და ფიქრობენ იმაზე თუ როგორ ცხოვრობს იქ ხალხი.

მათ თავიანთი შეხედულებები და აზრები გაგვიზიარეს. ყველა მათგანს სხვადასხვა ინტერესი აქვს, თუმცა ერთი რამ - რა ხდება ხაზს მიღმა, ყველას აინტერესებს.

"ჩემთან ძალიან ახლოს არიან, ბაღში რომ ჩავდივარ უკვე ცხინვალთან ვარ ხოლმე" -, ბარბარე
"შინდისში დაიღუპა 17 ჯარისკაცი, რომლებმაც თავი სამშობლოს შეწირეს" - გერა
"მაინტერესებს როგორ ცხოვრობდნენ ბებო, პაპა და მამა ცხინვალში. ამიტომაც მინდა რომ იქეთ გადასვლა შეგვეძლოს" - ელენე
"ბებოს ვეკითხები ხოლმე ომზე, მაინტერესებს რა მოხდა" - ნონა

სკოლა აგვისტოს ომის დროს იმდენად დაზიანდა, რომ იქ სწავლა შეუძლებელი იყო. დამტვრეულ ინვენტართან ერთად, შენობაში კედლებსა და დაფებზე რუსი ჯარისკაცების ნაწერებიც დახვდათ. სკოლის დირექტორი მედეა ტრამაკიძე იხსენებს, რომ ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დროს სკოლაში კომპიუტერების გამოსატანად შევიდა. შენობა მალევე აღადგინეს და 2009 წლის 23 თებერვალს ხელმეორედ გაიხსნა. თავიდან, როგორც დირექტორი ამბობს ქართული დროშაც კი ვერ აღმართეს ისეთი მძიმე და საშიში ვითარება იყო.

ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა აგვისტოს ომის შემდეგ

სკოლის ეზოშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დარუპულ გმირთა მემორიალი.

აგვისტოს ომის კვალი სკოლაზე უფრო მეტია, ვიდრე განადგურებული ინვენტარი. ესაა ის განწყობა, რითიც ბავშვები იზრდებიან. მათ იციან, რომ თავიანთი ქვეყანა ოკუპირებულია და ეს მდგომარეობა დროებითია. აქ ყველაზე კარგად ყველამ სწორედ მშვიდობის ფასი იცის.