Loading

PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან

რა არის PBL? - ეს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებაა. თანამედროვე სამედიცინო განათლების გამოწვევა, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეხუთე წელია ახორციელებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე PBL მეთოდით სწავლება 2012 წელს, ევროგაერთიანების ტემპუსის საგრანტო პროექტით დაიწყო და 2015 წელს ახალი ერთსაფეხურიანი უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებო პროგრამის "მედიცინა+PBL" შექმნით დასრულდა. („Establishment of the Supra-Regional Network of the National Centres in Medical Education, focused on PBL and Virtual Patients“)

აქ PBL სწავლების 5 ლაბორატორიაა.

პირველად ჯგუფი სტუდენტთა მობილობის შედეგად შეიქმნა. პროგრამაზე 8 სტუდენტი სწავლობდა. შემდეგ მოთხოვნა ეტაპობრივად გაიზარდა. გაჩნდა კონკურენცია და გასულ წელს პირველ და მეორე კურსზე ორ-ორი ჯგუფი დაკომპლექტდა.

პროგრამის სპეციალისტი სალომე ჩიხლაძე ამბობს, რომ პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს პირველივე კურსიდან თავი ექიმად იგრძნონ. გაეცნონ კონკრეტული პაციენტის ისტორიას და შეიმუშაონ მკურნალობის მეთოდები.

"ჩვენს ფაკულტეტზე ეს მეთოდი მეხუთე წელია დანერგილია. PBL სხვა პროგრამებისგან იმით განსხვავდება, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ ვირტუალურ პაციენტთან ჰქონდეთ შეხება. გვაქვს როგორც ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები, ისე - ტუტორიალის კვირა. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტები მუშაობენ ვირტუალურ პაციენტთან. შეისწავლიან მის ისტორიას, სვამენ დიაგნოზს და შესაბამისი მკურნალობის მეთოდებს ადგენენ. თუ ჩვეულებრივი სწავლების დროს მესამე კურსიდან აქვთ შეხება სტუდენტებს პაციენტებთან, ჩვენთან პირველივე კურსიდან ხდება კლინიკური უნარჩვევების გამომუშავება, და პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება"- ამბობს სალომე ჩიხლაძე.

ეს ანაა. მესამე კურსის სტუდენტი.

სანამ წარმატებული ექიმი გახდება სასწავლი ბევრი აქვს. პროგრამა "მედიცინა+PBL" მისთვის განათლების მიღებასთან ერთად ექიმობის შეგრძნების საშუალებაა.

"პროგრამის შესახებ სკოლიდან გავიგე. ფაკულტეტის დეკანი ირინე ფხაკაძე გვსტუმრობდა და სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად PBL-იც წარადგინა. ახლა უკვე მესამე წელია ვსწავლობ და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. მნიშნელოვანია, რომ თეორიულ მეცადინეობებთან ერთად გვაქვს კლინიკური კომპონენტიც, რასაც ახლავს პაციენტის მდგომარეობით გამოწვეული მძაფრი შეგრძნებები". - ამბობს PBL პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანა ქურციკიძე.

ეს ნოდარია. მომავალი პედიატრი.

პროგრამა "მედიცინა + PBL"-ის მესამე კურსის სტუდენტი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ თანამედროვე პროგრამაზე სწავლობს.

"ჩემს სკოლაში გაიმართა „მედიცინა+ PBL“ პროგრამის პრეზენტაცია და მაშინვე დავინტერესდი. მოვემზადე და ჩავაბარე კიდეც აქ. ამჟამად მესამე კურსზე ვარ, პროგრამა თავიდანვე საინტერესო იყო სხვადასხვა აქტივობებით: PBL სესიებითა და ტუტორიალებით, მხარდამჭერი ლექციებით, ვიზიტებით კლინიკებში და სპორტული ვარჯიშებით... ვირტუალური პაციენტების ისტორიების განხილვისას თავს ექიმებად ვგრძნობთ და თეთრ ხალათებსაც ვირგებთ. მას, ვისაც უნდა მედიცინის სიღრმეებს ეზიაროს და გახდეს ექიმი ეს პროგრამა აუცილებლად დაეხმარება".- ამბობს ნოდარ წერეთელი.

8 სტუდენტით დაწყებულ პროგრამაზე სწავლის მსურველთა რაოდენობა ყოველწიურად იზრდება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი პროგრამით "მედიცინა + PBL" წელს 32 აბიტურიენტს სთავაზობს იგრძნონ თავი ექიმად პირველივე კურსიდან.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.